შეფის კაბინეტს პლასტმასის ვენტილატორი აგრილებდა. ოთახში ერთმანეთის პირისპირ, ორი, ხის უჯრებიანი მაგიდა იდგა. ორივე მაგიდაზე იდო შავი ლეპტოპი, სხვადასხვა ფორმის კალმებითა და სახაზავებით სავსე პენალტი, ყდაგაცრეცილი რვეულები, დასადგამი კალენდარი, მინის საფერფლე, სიგარეტის კოლოფები, თეთრი ფერის უსაფრთხოების ჩაფხუტი და ერთმანეთზე უწესრიგოდ დაყრილი, ფაილში ჩადებული თაბახის ფურცლები. ერთ მაგიდასთან შეფი ალანი იჯდა ტყავის მოძრავ სავარძელში, რომელიც წინ გადახრილიყო და კომპიუტერის ეკრანს ახლო მანძილიდან ჩაშტერებული, დაკვირვებით კითხულობდა რაღაც თურქულ ტექსტს, ხოლო მეორე მაგიდასთან სამშენებლო კომპანია „ადაჰანის“ ბუღალტერი, ე. წ. მუჰასებიჯი იჯდა, წიგნაკში აუჩქარებლად წერდა რაღაცას. შეფი დროდადრო გარეთ ალმაცერად იყურებდა. ვენტილატორიდან ასხლეტილი ჰაერის გრილი ნაკადი პატარა ქოჩორს უფრიალებდა, სასიამოვნოდ ელამუნებოდა ყვითელ, თხელწვერიან სახეზე და პერიოდულად თუნუქის ჟალუზებსაც არხევდა. სოფლის ასფალტიანი გზის ნაპირთან, იმ შენობასთან ახლოს, სადაც შეფის კაბინეტი და მუშების საძინებელი ოთახები იყო განლაგებული, სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა და ორი ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა. ერთი საშუალო სიმაღლის, დაახლოებით ოცდაშვიდი წლის, ჩასკვნილი, მხრებგანიერი და წინგამოწეული ქათმის მკერდით. მოჭიდავისა და შტანგისტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც მცხუნვარე მზეზე ნახევრად მელოტი თავი უთოს პირივით ულაპლაპებდა. ხოლო მეორე კი შედარებით მაღალი, გამხდარი და ოდნავ წელშიმოხრილი გახლდათ, გარეგნულად მაქსიმუმ თვრამეტი წლისას ჰგავდა. მანქანიდან გადმოსვლისთანავე გარემოს ცნობისმოყვარე თვალებით დაუწყო ცქერა, როგორც სჩვევია ხოლმე უცხო ადგილას მოხვედრილ ადამიანს. საბარგულიდან ტანსაცმელებით გაძეძგილი ორი ჩანთა გადმოიღეს. თავგადაპარსულმა ტაქსის მძღოლს ქაღალდის კუპიურები მიაწოდა, ჩანთას სწვდა და შეფის კაბინეტისკენ წავიდა. გამხდარიც უკან გაჰყვა. მუჰასებიჯი ოფისის აივანზე გამოსულიყო და სიგარეტს ეწეოდა, ამასთანავე მისკენ მიმავალ ბიჭებს უმზერდა მომღიმარი, სათნო სახით. - გამარჯობათ, როგორ ხარ მუსტაფა? ჰკითხა თავგადაპარსულს და გამხდარსაც შეავლო თვალი. თავგადაპარულმა ხელი მტკიცედ ჩამოართვა,- მუჰასებიჯს თითები ცოტა არ იყოს ეტკინა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჩასკვნილმა სახე ჯერ მარცხენა ლოყაზე მიადო, მერე მარჯვენაზე, როგორც სჩვევიათ ხოლმე მუსლიმანებს მისალმებისას და პასუხიც თურქულადვე მიაგება. - არა გვიშავს, ასლან ბეი. ოცდაოთხ საათიანმა მგზავრობამ ცოტა არ იყოს დაგვღალა, - ეს ბიჭი გაიცანი, ჩემი ბიძაშვილია. ამ დროს შეფიც გამოვიდა. ორთავე გამხდარს მიაცქერდა, რომელიც მორიდებულად, ალანძული იდგა და ნაძალადევად იღიმებოდა. მეტ-ნაკლებად ესმოდა მათი საუბარი, თუმცა თავს მაინც არაკოფორტულად გრძნობდა. მუჰასებიჯმა ბიჭს ხელი მსუბუქად ჩამოართვა და თავგადაპარსულს თვალებით კიბისკენ მიანიშნა, მიდით, დაისვენეთო. ულამაზო, ძველი, სამ სართულიანი კორპუსის მეორე სართულზე, გარედან მიდგმული ხის მოაჯირიანი, ვიწრო კიბით ავიდნენ. შენობის შუაში მდებარე კორიდორი გაიარეს, რომლის დასაწყისში სასადილო და სამზარეულო ოთახის კარები გვერდიგვერ იყო. კორიდორის ბოლოს, მარჯვენა მხარეს მდებარე კარის საკეტის რაზაში ჩასკვნილმა გასაღები ჩხაკუნით მოარგო და კარი შეხსნა. ოთახში დაგროვილი ცხელი და მძიმე ჰაერის შესუნთქვისთანავე გამხდარს სახე უშნოდ დაემანჭა, ლამის აღებინა. სარკმელი თვალებით მოძებნა, მივარდა და მაშინვე შეხსნა. - ფუ რა სუნია, რას ჰგავს აქაურობა ბიჯო? ავყროლდი,- თქვა სიბრაზეშეპარული ხმით. - ხო, დასალაგებელი და გასანიავებელია ოთახი,- მშვიდად უპასუხა თავგადაპარსულმა და სახეზე რბილმა ღიმილმა გადაურბინა. - ჰოდა დროა დავალაგოთ. - შენ რა გეგონა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ოთახი დაგხვდებოდა?! - მთლად ეგრეც არა, უბრალოდ ასეთ ბუნაგს არ ველოდი, წინათ უკეთესი პირობები იყო. აქ როგორ ცხოვრობდი აქამდე. საძინებელი ოთახის ავეჯს შეადგენდა ორი მატრასიანი საწოლი, შავი ფერის, დამტვერილი ტელევიზორი, რომელიც ხის მაგიდაზე იდგა და ორი პლასტმასის სკამი. კედლის კუთხეში დამაგრებულ საკიდზე ყვითელი ფერის საწვიმარი ფარაჯა, ჯემპრები, მაისურები და დახეული შარვლები იყო ჩამოკონწიალებული. გამხდარმა ბეტონის იატაკს ამრეზით დახედა, რომელზეც ბინძური და გაზინტლული ხალიჩა იყო დაფენილი. დაღლილი ჩამოჯდა საწოლის კუთხეზე და ტანზე გამოიცვალა. ოთახიდან კონკები, ჭუჭყიანი ხალიჩა და სხვა ზედმეტი ნივთები გარეთ გამოყარეს. იატაკი მორეცხეს, ყველაფერი გააკრიალეს და შხაპი მიიღეს. ამასობაში მზე ცაზე გადაგორებულიყო და დასალიერი წითლად შეეფაკლა. მინარეთებიდან მოლების ლოცვის ხმებმა სოფლის მთაგორიანი მიდამო შეაზანზარა და გამოაღვიძა. უზარმაზარ, თეთრ რუპორში მოლა გამხდარისთვის ცოტა გაუგებრად ყვიროდა: “ეიკმეეკ, ეიკმეეეკ’’, ხმის ექო, იზრდებოდა, იწელებოდა და სადღაც, მთების გადაღმა იკარგებოდა. - ვინ ჯანდაბაა ის, რომ ყვირის ბიჯო? - გაკვირვებით იკითხა ბიჭმა და ფანჯარასთან შეცბუნებული მიიჭრა. - მოლაა, მოლა! - სიცილით უპასუხა ჩასკვნილმა. - ჰო, კი მივხვდი, მაგრამ დასაზუსტებლად გკითხე,- სიტუაციიდან თავი გამოიყვანა ბიჭმა. მოშივდათ. ჩასკვნილი სამზარეულო ოთახში შევიდა, გამხდარი კარებთან ატუზული დაელოდა. სამზარეულოში ორმოცდაათ წლამდე ასაკის, ჩია კაცი შენიშნა, თავისთვის ფუსფუსებდა. ჩასკვნილის დანახვისას სახე გაებადრა, სიხარულის გრძნობა აღებეჭდა უწვერულ, ალალ სახეზე. - როგორ ხარ გურჯ, როდის ჩამოხვედი?- ჰკითხა თურქულად, ისეთი სუსტი და დაბალი ხმით, თითქოს კატა კნაოდა. - დღეს ჩამოვედით გირესუნში, მე და ჩემი ბიძაშვილი,- ჩასკვნილმა გამხდარისკენ ანიშნა ხელით. - წინსაფრიანმა მზარეულმა კაცმა გაიღიმა და მისალმების ნიშნად თავი დაუკანტურა, ბიჭმაც იგივე ქცევით უპასუხა და ცალყბად გაუღიმა. - მუსტაფა რაიმე გვაჭამე, მაგრად გვშია,- უთხრა დაღვრემილი სახით ჩასკვნილმა, რომელმაც დახლისკენ გაიხედა და ნერწყვი მოადგა. - ახლავე, ახლავე, - უპასუხა ჩია მზარეულმა, დაფაცურდა და იქვე მდგომ ალუმინის ქვაბებს თავი სხარტად მოხადა, რა დროსაც უცხო საჭმელების არომატული სურნელი ამოიჭრა შიგნიდან და ბიჭებს უფრო გაუმძაფრა შიმშილის გრძნობა. ჩასკვნილმა იქვე დაწყობილი, გარეცხილი ლითონის ტაბლოტებიდან ერთ-ერთი აიღო და დიდკოვზმომარჯვებულ მზარეულთან მივიდა, გამხდარმაც მიბაძა. ზეთში შემწვარი ქაბაბი, საქონლის ხორცის წვნიანი და ბამბასავით პური ეგემრიელა გამხდარს, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ მიუჩვეველი იყო უცხო არომატისა და გემოს თურქულ საჭმელებს, ამიტომ ზოგჯერ მძიმედ, უსურვილოდ ყლაპავდა ლუკმას. მიირთვეს და სამზარეულოს ოთახიდან გამოვიდნენ. ჩასკვნილმა მზარეულს მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ხელ-პირი დაიბანის შემდეგ ოთახში შევიდნენ. - ბიჯო კაი კაცი ჩანს ეს მზარეული,- თქვა გამხდარმა და კედლის საათს ალმაცერად გახედა. - კი, ჯიგარია, აწი უფრო დარწმუნდები მაგაში. მეგეწონა საჭმელი? - არა უშავს რა, დედაჩემის გამომცხვარი, თხელი ხაჭაპური მირჩევნია იმათ ყველაფერს. დილით რომელ საათზე იწყება მუშაობა? იკითხა გამხდარმა. - ცხრა საათზე მზათ უნდა ვიყოთ, მაგრამ მანამდე ხო უნდა ავდგეთ, ჩევიცვათ, ჩაი დავლიოთ, ამიტომ რვაზე დავაყენებ ბუძილნიკს. - აჰა, გასაგებია. პრინციპში, დილით ადგომა არც მიჭირს. შენ სტრახოვკაზე მაინც დააყენე მაღვიძარა. ხელფასს რამდენს მომცემენ მე? - დეველაპარაკები დილით შეფს და გაგირკვევ, რისი კეთება დაგევალება და რამდენს გადაგიხდიან. - კარგი, იმედია რვაას ლირაზე ნაკლებს არ მომცემენ. შენ, იმ ნიჩბიან ტრაქტორზე ზიხარ? ყვითელი ფერის როა, გარეთ რომ დგას ნიჩაბაშვერილი. - ხოო, - მოკლედ უპასუხა ჩასკვნილმა, რომელიც შარვალგაუხდელად იწვა ლოგინზე, მსხვილი მკლავები თავქვეშ მორებივით ამოედო და ტელევიზორში რომელიღაც თურქულ გაადაცემას უყურებდა ინტერესიანი ჟურნალისტივით. გამხდარი საწოლზე მოკუნტულიყო. ფიქრობდა, ღელავდა, ენატრებოდა, განიცდიდა. ეს გრძნობები მის გონებაში პერიოდულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სულს უწიოკებდნენ და ანაღვლიანებდნენ. მალევე ჩაეძინათ. მზიანი, გრილი დილა გათენდა. „ეიკმეეკ, ეიკმეეეკ“,- მოისმა სხვადასხვა მხრიდან მოლების გამჭოლი ხმა. გამხდარს მაშინვე გაეღვიძა, გაიზმორა, თვალები მოიფშვნიტა და ჩასკვნილს გადახედა, რომელიც უკვე ამდგარიყო, ტანზეც ჩაეცვა და მაღალყელიანი კედების თასმებს იკრავდა. - რომელი საათია? ჰკითხა გამხდარმა ახალგაღვიძებულის დამახასიათებელი, კრუსუნა ხმით. - ცხრა დაიწყო, მიდი ადექი და ქვევით ჩევიდეთ, - სიმკაცრენარევი დისციპლინის მოყვარული კაცის ტონით თქვა ჩასკვნილმა. - მაღვიძარის დაყენება რათ გინდა, ვფიქრობ, მოლები ასრულებენ მაგ ფუნქციას,-თქვა გამხდარმა. რბილად გაიცინეს. - მოკლედ, შეფთან ვიყავი ჩასული, როგორც გითხარი, რვაას ლირას გადავუხდით ხელფასსო, დამატებით თუ იმუშავებ ღამე უფრო მეტი გამოგივა, რა გინდა, ამ სამ თვეში სწავლის ფულს მოაგროვებ და და აკადემიური რომ ეიღე, გააგრძელეფ სწავლას. შენ ახალი სახელიც დაგარქვეს, - ჩასკვნილმა ჩაიხითხითა. - რა ახალი სახელი, თუ ძმა ხარ? - ბიჭმა გაკვირვების ფონზე წარბები მაღლა აზიდა. - ''მურატი''- ეს სახელი გერქმევა აქ ყოფნისას. - შენ ეკაიფე მთვრალ თხას, შეჩემა. - მართლა გეუბნები, ჩვენ ამ კომპანიაში არალეგალურად ვმუშაობთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეგ ჯვარიც მოიხსნა ჯობია, ათასი შპიონი დადის, მიხვდებიან რომ ქართველები ვართ და თუ ჩაგვიშვეს მაგრად დაგვერხევა. გამხდარი დუმდა. ხომ გესმის, რა გითხარი? მე სასადილოში ვიქნები, რომ გამოხვალ კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეს. აჰა, გასაღები,- ჩასკვნილმა გასაღები მიაწოდა და გარეთ გავიდა. იცით, მიყვარს მიზანდასახული ადამიანები, ცხოვრებას ნოლიდან, არაფრიდან რომ იწყებენ და გაცნობიერებული აქვთ, პატიოსანი შრომით, წვალებით, შეუდრეკლობით, იმედითა და რწმენით გავლენ ფონს. მათ შეუძლიათ უკანონო გზებით, უფრო სწრაფად და მარტივად მიაღწიონ საწადელს, მაგრამ არა, მათ იციან წესიერების ფასი, არ უღირთ სხვათა გამწარების ხარჯზე თვითონ იყვნენ ბედნიერნი. პატივს ვცემ მიზანდასახულ ადამიანებს, როგორც გამხდარი იყო. გამხდარს ნიკაპი ცერა თითზე დაეყრდნო და ერთხანს ფიქრობდა, მერე სხარტად ადგა, ტანზე ძველი ჯინსის შარვალი, ქვიშნისფერი პერანგი, ხოლო ფეხზე ძველი „პუმას“ ბოტასები ჩაიცვა.დედის ნაჩუქარი ვერცხლის ჯვარი მოიხსნა, ტელევიზორის გვერდზე, ლოცვანის პატარა წიგნაკს დაადო ზემოდან, თუმცა უეცრად ისევ აიღო, კისერზე შეიბნია და ხელ-პირის დასაბანად შევიდა აბაზანაში, რომელიც მათი ოთახის გვერდით იყო. გამხდარი სამზარეულოს კართან ჩია მზარეულს შეეფეთა. - „გიუნაიდენ!“, - თურქულად მიესალმა და გაუღიმა. მზარეული არ ელოდა თურქულად დილა მშვიდობისას თქმას ქართველი ბიჭისგან, აღფრთოვანება აღბეჭდილი სახით ქვემოდან ახედა გამხდარს და „გიუნაიდინ“, “ გიუნაიდიინ“- უთხრა ორჯერ ზედიზედ წვრილი ხმით. გაცინებისას ოქროსა და ვერცხლის კბილებმა მისი ბაგიდან გამოიჭყიტეს. გამხდარი სასადილო ოთხში შევიდა. მაგიდებზე ალაგ-ალაგ ისხდნენ მუშები და ჩაის სვამდნენ. ისინი მაღალ ხმაზე მასლაათობდნენ, ზოგიერთი რაღაცაზე ხარხარებდა. ბიჭმა უცხო სახეებს დაკვირვებული, ცოტათი კუშტი თვალი მოავლო, მათ შორის ბიძაშვილი ამოიცნო, რომელიც ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა, ხმელი აღნაგობის, ჟღალთმიან ბიჭთან ერთად. - მოდი აქ დაჯექი და ჩაი დალიე,- ჩასკვნილმა თავისუფალ სკამზე მიუთითა გამხდარს. ბიჭი დაჯდა და მრგვალ თეფშს დააცქერდა, რომელზეც ჩაის ფინჯანი, პაკეტებით თაფლი და ქათქათა ყველი იდო. იქვე, გვერდზე მაგიდაზე კალათებში დაჭრილი ფურის ნაჭრები იყო ჩახვავბული. უცხოები მათ ერთხანს დაჟინებით უცქერდნენ და მერე თვალი აარიდეს. - იდაედ, გაიცანი, ეს ჩემი ბიძაშვილია, შოთა,- ჟღალთმიანს თურქულად უთხრა ჩასკვნილმა და გამხდარს მიუბრუნდა. - შოთა, ეს იდაედია ჩემი თურქი მეგობარი, ჩვენ ერთად ვმუშავებთ ბოლო წელია,- თქვა ქართულად. გამხდარმა ინსტიქტურად ხელი გაუწოდა, გაუღიმა და მტკიცედ ჩამოართვა. ჟღალთმიანმა რაღაც ორი სიტყვა თქვა დაბალი ხმით, ბიჭისთვის გაუგებრად, მაგრამ ბიჭი ინტუიციით ხვდებოდა რა შეიძლებოდა ეთქვა, „ჩემთვისაც სასიამოვნოა“ „მოხარული ვარ“ ან რაიმე მსგავსი შინაარსის სიტყვა. ჩაი დალიეს და ხის ვიწრო კიბით ძირს ჩავიდნენ. მიწაზე ლითონის არმატურები და მილები ეყარა, რომელზეც სქელი მუყაოს კარდონი დაეფინათ და სამი მუშა იჯდა გვერდიგვერდ ჩაის სვამდნენ და დაბალ ხმაზე მუსაიფობდნენ. - სალამ ალეიქუმ მშრომელებო! აბა როგორ ხართ?- მუშებს ომახიანად მიესალმა ჩასკვნილი. - გიუნაიდინ, გიუნაიდიინ, მუსტაფა აბი, - მუშები უცბად ზემოთ წამოხტნენ და ჩასკვნილს გადაეხვივნენ. ვინ იცის, ასე თავაზიანად ან კეთილგანწყობის გამო მოიქცნენ ან პატივისცემის, ანდაც კიდევ შიშის. ჩასკვნილი ფაქტობრივად მათი უფროსი გახლდათ, რომელიც სამშენებლო კომპანიის მთავარ მეპატრონეს ჰყავდა დანიშნული, მისი გამჭრიახი გონებისა და ერთგული მუშაობის გამო, აგერ უკვე მეექვსე წელია. იქ დამსხდარ მუშებს შორის ორი ხანდაზმული კაცი იყო, დაახლოებით ასე, ორმოცდათხუთმეტ, სამოც წლამდე ასაკის, ხოლო მესამე, სავარაუდოდ, ოცდაათი წლის იქნებოდა. ჩასკვნილმა რაღაც საუბარი გაუბა მათ და მერე გამხდარს მიუბრუნდა. - მურატ, ამათთან ერთად იმუშავებ. ეგერ ხომ ხედავ, - ჩასკვნილმა ხელი დაუსრულებელი კორპუსისკენ გაიშვირა,- იმ კორპუსში გაყევი აგენს, ოთახები და სადარბაზოები აგურის ნატეხებისგან და სხვა ნარჩენებისგან უნდა გაასუფთაოთ. გამხდარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - აი, ის მაღალი რომაა, ამედა ჰქვია.მის გვერდით, რომ ხანაზმული კაცია, ის ასლანია, ხოლო ის მსუქანი ბიჭი, ასლანის გვერდით, ემრაა. ავადმყოფია, ოღონ ტვინით, თორემ ფიზიკურათ ვირივით ძალა აქ, - სიცილით თქვა ჩასკვნილმა. გამხდარი მუშებს აკვირდებოდა და თან სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა. - ხო, ისე რომ იცოდე ეგ ემრა, ასლანის შვილია. ემრას თავისი სახელი როგორც კი მოესმა, ყურები დაცქვიტა და ჩასკვნილს, დიდი, მოწყენილი თვალებით ახედა. - ემრა, მიდი ზევით ადი და მურატიც გამოგყვება, სამუშაო იარაღები ჩამოიტანეთ, რაც გვჭირდება. აჰა, გასაღები,- თურქულად უთხრა ჩასკვნილმა და გასაღების შეკვრა მიაწოდა. ემრა მაშინვე წაბაჯბაჯდა კიბისკენ, გამხდარიც უკან გაჰყვა ნელი ნაბიჯებით. ცოტა ხანში სამშენებლო იარაღების ოთახიდან, სამი ნიჩაბი, ცოცხი, ქაფჩა და ძველი ტომრები ჩამოიტანეს, ინსტრუმენტები იქვე მდგარ ურიკებზე დააწყვეს და ბოლო კორპუსისკენ გააგორეს. სულ ხუთი კორპუსი იდგა ერთმანეთის გასწვრივ, რომლებსაც წინ ხრეშიანი, ახალმოზვინული გზა გასდევდა. კორპუსების პარალელურ მხარეს იყო უზარმაზარი შარვალ-კოსტიუმებისა და პერანგების სამკერვალო ფაბრიკა, რომლის მარჯვნივ, შინაური ცხოველების საკლავი ბოინი, ხოლო მარცხნივ ყვავილებისა და ხის ნერგების ლამაზი ბაღი მდებარეობდა, ბაღი მავთულის მაღალი ბადით იყო შემოღობილი. ბაღში ყვავილების დაბალი სათბურები იდგა. გამხდარი ირგვლივ ყველაფერს ცნობისმოყვარე თვალით აკვირდებოდა, თითქოს ყველა დეტალს იმახსოვრებდა. ივნისის მზე ხასხასა ტყით დაფარული მთებიდან იჭყიტებოდა და გირესუნში მდებარე, შავი ზღვისპირა, მთაში შეხიზნული სოფლის მიდამოებს, მწვანე ბალახმოდებულ ფერდობებს, სოფლის სახლებსა და ხეხილის ბაღებს ოქროსფერი სხივებით ეალერსებოდა, ათბობდა და აბრზივნარებდა. გამხდარმა ყვავილების ბაღის ერთ-ერთ სათბურთან ლამაზი გოგონა შენიშნა, რა იცოდა რომ... თავზე ყვითელ ჩაფხუტდაფარებული მუშები ბოლო, მეხუთე კორპუსის სადარბაზოში შევიდნენ, ხელზე მწვანე ხელთათმანები ჩაიცვეს, თეთრი პირბადე გაიკეთეს და პირველი სართულის გასუფთავება დაიწყეს. გამხდარი კედელს მიეყუდა და დანარჩენებს დააკვირდა, ამედა იატაკზე დაყრილი ბათქაშის ნარჩენებსა და აგურის ნატეხებს ერთ ადგილას უყრიდა თავს, ემრა ნიჩბით ტომარში ყრიდა, რომელიც მამამისს ჰქონდა გაშლილი და სავსე ტომრებს მინებჩაუსმელი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებიდან გარეთ ყრიდნენ. მუშაობის დაწყებიდან ერთ საათში, სადაც მუშები მუშაობდნენ, ოთახის კარებთან გამხდარი, თხელწვერიანი მაღალი კაცი აეყუდა, თავზე თეთრი ჩაფხუტი ეხურა. არაფერი უთქვამს, მუშებს თვალი მოავლო და ბეტონის კიბეებით ზედა სართულზე ავიდა. გამხდარმა თვალი გააყოლა და როდესაც თვალს მოეფარა მუშებს მიუბრუნდა, რომლებიც უფრო აქტიურად, გამალებით მუშაობდნენ, თითქოს უნდოდათ უფროსის წინაშე თავი გამოეჩინათ. თეთრჩაფხუტიანმა მალევე ჩამოიარა სადარბაზო და მხოლოდ გამხდარს შეავლო სკეპტიკური მზერა, რომელიც სამშენებლო ნარჩენებით სავსე ტომარს ძირს ისროდა. ემრა კედლის კუთხესთან ატუზული, კარადასავით იდგა და ოფისისკენ მიმავალ თეთრჩაფხუტიანს გასცქეროდა ცალი თვალით. მერე უცებ მოწყვეტილი ბეტონის იატაკზე დაჯდა, თითქოს ტყვია დაახალესო, ფეხები გაშალა და ზურგით კედელს მიეყრდნო, დანარჩენებმაც მიბაძეს. - ოთურ, ოთუურ, -თქვა ასლანმა და გამხდარს გახედა, რომელიც ფანჯარასთან ნაღვლიანი იდგა, საფეთქლებიდან ჩამოღვრილი ოფლის კვალი დამტვერილ სახეზე თეთრ ზოლებად დასტყობოდა, ჩქარი სუნთქვისას კი მისი პირბადე შესამჩნევად იბერებოდა და იჩუტებოდა. იმ გამხდარ გოგოზე ფიქრობდა, ყვავილების ბაღჩაში რომ შენიშნა. - მურააატ, ოთურმაკ!- ბოხი ხმითა და მომღიმარი სახით უთხრა ამედამაც გამხდარს და ხელით ანიშნა დაჯექი, დაისვენეო. გამხდარი ფიქრებიდან გამოერკვია, მიხვდა რასაც ეუბნებოდნენ და ერთ-ერთ სავსე ტომარზე დაჯდა, პირბადე მოიხსნა და მუხლზე დაიდო. ემრამ ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი თუთუნი და ზომაზე დაჭრილი ქაღალდი ამოიღო, ნერწყვით დაასველა, ჭუჭყიანი თითებით გაახვია და ასანთით მოუკიდა. სხვებმაც გააბოლეს. ამედამ რაღაც უთხრა თურქულად გამხდარს და ხმამაღლა გაიცინა. ემრაც იღიმოდა, ღიმილისას უსწორმასწორო, ჩაყვითლებული კბილები ჩაცვენილი მესერივით უშნოდ მოუჩანდა. ბიჭს არ ესიამოვნა ეს ფაქტი, თვალებმოჭუტული, ბრაზიანი სახით შეხედა ამედას, მერე მზერა აარიდა და თავი კედელს მიადო. ასლანმა სახელო დაიკაპიწა, მაჯის საათს დახედა, შუადღის ორი საათი დაწყებულიყო. ჭამის დროაო თქვა, ზევით ადგა და შარვალი საჯდომის არეში დაიფერთხა. მუშები სადარბაზოდან გამოვიდნენ და სასადილოსკენ გასწიეს. პაპანაქება სიცხე იყო. ამედა და ასლანი გვერდიგვერ მიაბიჯებდნენ, მათ უკან ემრა მიბაჯბაჯებდა დათვის მსუქანი ბელივით, ხოლო ბოლოს გამხდარი მიდიოდა მოკლე, დინჯი ნაბიჯებით. სახეზე დაღლილობა და მოწყენილობა აღბეჭდოდა, თან გასაყიდი ყვავილების ფერად ბაღს უცქერდა, რომლის კუთხეში, ჩაცუცქული ჩადრიანი გოგონას თავი შენიშნა, რომელიც ისეთი მოკრძალებული, სათნო და ცქრიალა ჩანდა, პოეტურად სევდიანიც, რომ ეტყობოდა ვიღაცას უყვარდა და მის მზერას თითქოს ყოველთვის გრძნობდა. მანამ უცქირა, სანამ ბოინის შენობის კედელი არ აეფარა. მშენებარე კორპუსები მუშებისა და სხვადასხვა ხელობის მცოდნე ოსტატებისგან, ე. წ. უსტაბაშებისაგან ნელ-ნელა დაცარიელდა. მათი უმრავლესობა თურქეთის მოქალაქე ქურთები იყვნენ, რომელთა შორის თხუთმეტ-თექვსმეტი წლის მშრომელ ბიჭებსაც იპოვიდით, რომელებიც ჭაბუკურ ასაკშიც კი ელექტრიკებად, მლესავებად ან კაფელ-მეტლახის დამგებებად მუშაობდნენ. გზაზე გაბაწრულები სასადილოსკენ მიდიოდნენ და თან ყაყანებდნენ. ცოტა ხანში ყვითელი, კომშიანი ტრაქტორით ჩასკვნილიც მოგრუხუნდა კიბესთან, ძრავი გამორთო და ძირს გადმოხტა. გამხდარმა ხელ-პირი დაიბანა და საჭმლის გრძელ რიგში ჩადგა ტაბლოტით ხელში. ჩია მზარეულმა დანახვისთანავე გაუღიმა მას და სხვებთან შედარებით მეტი ხორცის წვნიანი, ჩორბა, კომპოტის წვენი და ნამცხვარი დაუდო. ბიჭს ეს ფაქტი რაღაცნაირად ესიამოვნა, მადლიერების ნიშნად თბილად გაუღიმა და მადლობა თურქულად გადაუხადა. მალევე მოვიდნენ იდაედი და ჩასკვნილიც, რომელსაც იქაურები მუსტაფათი მოიხსენიებდნენ. სამივენი ისევ ერთად დასხდნენ. ნელ-ნელა შეივსო სამზარეულოს ყველა მაგიდა. ასლანი, ემრა და მამამისი ცალკე მაგიდასთან ისხდნენ, ქურთებთან ერთად და მადიანად შეექცეოდნენ ჩორბას. გამხდარმა გემრიელად მიირთვა საჭმელი და ბოლოს ნამცხვარიც გასინჯა, რომელიც ზომაზე მეტად ტკბილი მოეჩვენა. რამდენიმე მსუყე ლუკმა გადაყლაპა და გარეთ გამოვიდა, კიბის აივანზე. მოლების ლოცვის ხმებმა მიდამო ისევ შეაზანზარა. ოცდაათი წუთის შემდეგ ყველა სამუშაო ადგილს დაუბრუნდა. საცხოვრებელი კორპუსის სამი სართულის ოთახები გაასუფთავეს. ნელ-ნელა საღამოს ხუთმა საათმაც მოაღწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ მუშაობის დღიური სამუშაო დრო ამოიწურა. იარაღები ურიკაზე დააწყვეს და ზანტად წამოვიდნენ. ფაბრიკის შესასვლელთან ჩადრიანი, უშნო შესახედაობის, მოღუნულ ცხვირებიანი, შავგრემანი ქალები იდგნენ ჯგუფებად, ხმამაღლა, ყურისწამღებად ღრიანცელობდნენ. თითქმის ყველა სიგარეტს აბოლებდა, კვამლის ბოლქვებს დაეფარა იქაურობა. გამხდარმა ზიზღნარევი გამომეტყველებით ჩაუარა მათ და ცოტა ხანში საერთო აბაზანაში შევიდა, თან პირსახოცი და შამპუნი შეიტანა. უკან გამოსვლისას შამპუნი შიგ დარჩა, როცა გაახსენდა და გამოსატანად შევიდა, ხელში ცოტათი ემჩატა, დაეჭვდა, თავი მოხსნა და შიგ ჩაიხედა, რომელშიც ვიღაცას შამპუნის ნაცვლად წყალი ჩაესხა. მიხვდა, რომ რომელიღაც ტურტლიანი ქურთის ნამოქმედარი იყო. ცოტა არ იყოს ამ ფაქტმა გააცხარა. თქვენ განახებთ სეირს, თქვენ წებოს ჩაგისხამთო,- გაიფიქრა, ცალყბად გაიღიმა და საძინებელ ოთახში შევიდა. სასადილო ოთახის გასწვრივ იყო ერთი ცარიელი ოთახი, რომლის აივანი სოფლის გზას გადაჰყურებდა. აივანზე ძველი დივანი იდგა, სადაც დავარცხნილი და სუფთად ჩაცმული გამხდარი და ჩასკვნილი ისხდნენ. ორივე სოფლის გზას გადაჰყურებდა. ფაბრიკა იკეტებოდა და ჩადრიანი თურქის შავგრემანი ქალები შინ ბრუნდებოდნენ. ამედა, ემრა და ასლანიც ჩამოვიდნენ კიბეზე და სახლის გზას დაადგნენ. ამედა ახალ ნაჭამზე ტუჩებს კატასავით ილოკავდა. ყველა გაიკრიფა. სიმშვიდემ დაისადგურა. ცარიელ გზაზე გოგონა გამოჩნდა, აჩქარებული, მოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა, უფრო სწორად მიცქრიალებდა. საშუალო სიმაღლის იყო, გრძელი, შავი კაბა ეცვა, თავზე იისფერი თავსაბურავი ჰქონდა შემოხვეული და მისი ქათქათა სახე მანდილში მთვარესავით ანათებდა. გამხდარი დანახვისთანავე ზემოთ წამოიჭრა, აივნის მოაჯირს ხელებით დაეყრდნო და დაჟინებით მიაცქერდა დაღმართში თავდახრით მიმავალს. - ხედავ, ბიჭო, ხედავ, რა ლამაზია?- გაოცებით უთხრა გამხდარმა ჩასკვნილს. - ვხედავ, ვხედავ. მაგ გოგოს სელმა ქვია, იქ მუშაობს, ყვავილების სათბურები რომ დგას. ბევრს უჭირავს მასზე თვალი, ლაზია როგორც ვიცი, ქართულად წერა- კითხვაც ცოდნია, დედა ჰყავდა ქართველიო. იმასაც ამბობენ, ვიღაც ფულიან თათარზე ათხოვებენო. ჭკვიანათ იყავი შენ, რამე შარს არ ამკიდო. ნელ-ნელა დაიმალა გოგოს წვივები, მუხლები, წელი, კისერი და ბოლოს მანდილიანი თავიც მოეფარა გზისპირას მდებარე პატარა ბორცვს. - რაო ბიჯო, რა თქვი, ქართული იცის? ნუთუ ეგ მართალია, ვითომ ამასაც უყვარს ის კაცი?- გაოცებით და ნაღვლიანად ჰკითხა გამხდარმა. - რას გაიგებ, ამათი უჯიშო დედა ვატირე, არასრულწლოვან ქალიშვილ გოგოებს ახმახ კაცებზე ათხოვებენ და უყვართ თუ არა ცალ ფეხზე კიდიენ, შარშან წინ ცამეტი წლის გოგო მიათხოვეს ვინცხა ბანჯგვლიან ქურთს და პირველ ღამეს შემოკვტენია, არც არავინ დასაჯენ ამიზა, ჭორი დადიოდა იმ საწყლის დედამ თავი მაგ მიზეზით მეიკლაო. - რა მოგეწონა მაგ გოგოში თუ ძმა ხარ? - ყოველთვის მხიბლავენ არათანამედროვე, წიგნიერი გოგონები, თავიანთი წესიერებით, სათნოებით, მოკრძალებითა და განათლებით ამაყნი. მათ გრძელი კაბები აცვიათ და მოკლე ენები აქვთ. ისინი არ დადიან კლუბებსა თუ ბარებში გასართობად, დასათრობად თუ მოსაწევად, მაგრამ დადიან ტაძრებში სალოცავად და ბიბლიოთეკებში წიგნების წასაკითხად, განა ვინმეს დასანახად აკეთებენ ამას, არამედ ჭეშმარიტი სურვილითა და რწმენით, უფლის სიყვარულით. ისინი არ სხედან კომპიუტერებთან ოცხაოთხი საათი, სამასლაათოდ და საჭორიკნოდ, სხვისი ცხოვრების განსახილველად, არამედ გამუდმებით კითხულობენ წიგნებს, იღრმავებენ ცოდნას და აქვთ ჭკვიანი თვალები, სხვათა შორის მათი მზერის დაჭერა ურთულესია კაცისთვის, რადგან თავდახრილნი დადიან. გული სიყვარულითა და კდემით აქვთ სავსე, და არა ვნებით ან სიძვით. მათ არ უჩანთ ტატუიანი წელი ან თეძო, არც მკერდმოშიშვლებულნი მოძრაობენ ქუჩებში, რომ მამაკაცების ყურადღება მიიქციონ ამ ვულგარული ხერხით. საკუთარ ღირსებებს არ ამზეურებენ, რადგან იციან, რომ იმ ერთადერთს ეკუთვნის მათი თავი, რომელიც შეიყვარებს მათ მთელი არსებით და შეუყვარდება მათაც. შესაბამისად, შეყვარებულებს არ იცვლიან წინდასავით წამდაუწუმ. როგორი ლამაზები არიან თავისებურად, არ შეგიმჩნევია?! დაინახავ ტროტუარზე მიმავალს თავდახრით, მორიდებულად, უცქერ, უცქერ და თითქოს სული გითბება მათი უბრალოებით. გაიფიქრებ, ნეტავ ერთი გულში ჩამაკვრევინა სუფთა გრძნობით და გზა დამალოცვინაო. ისინი განა რაიმის შესანიღბად იცვამენ არაგამომწვევად, არამოდურად, არა, მათ ცხოვრების ასეთი სტილი აქვთ, ასე გრძნობენ თავს კომფორტულად. ამით არიან გამორჩეულნი ამ ბინძურ სამყაროში. დღეს, სანთლით კი არა პროჟექტორით არიან ასეთები საძებარნი. აი, ასეთი წარმომიდგენია ის ლაზი გოგო მე. - ლამაზი სიტყვები კი თქვი მარა, ვინ იცის ის ეგეთია მართლა თუ არა,კაბის სიგრძე არ განსაზღვრავს პატიოსნებას. ისე კოჭებში ეტყობა, რომ წესიერი გოგოა. გიმეორებ, არ გაეკარო მაგ გოგოს, შარს ევეკიდებით,- გააფრთხილა ჩასკვნილმა. ზოგჯერ ხვდები, რომ რჩევა, რომელსაც გაძლევენ აცნობიერებ, რომ სასარგებლოა, მაგრამ გათვალისწინება არ შეგიძლია, ესეც ხდება ხოლმე. მუსტაფა, მუსტაფაა! - მათი საუბრის დროს დაბალი, სუსტი ხმით დაიძახა ვიღაცამ. ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ უდავოდ არ სურდა მისი ხმა სხვასაც გაეგონა. კარის ანჯამამ მსუბუქად გაიჭრიალა. ოთახში ჩია მზარეული შემოვიდა, ხელში ზეთში შემწვარი ქაბაბებით სავსე პატარა გობი ეჭირა, რომელიც იქვე ხის დაბალ მაგიდაზე დადგა, გემრიელად მიირთვითო. ბიჭებმა მადლობა გადაუხადეს. იდაედმა სამზარეულოდან პური და სხვა სანოვაგეც მოიტანა და მაგიდასთან შემოსხდომას აპირებდნენ, როდესაც ჩასკვნილი გარეთ გავიდა, დამელოდეთო და ცოტა ხანში ტაფითა და ბოთლით ხელში შემოვიდა. ცხელი ტაფა მაგიდაზე დადგა, სკამზე დაჯდა და ტაფას თავი მოხადა. ზედ სანელებლებით შეზავებული, ღორის შემწვარი კუჭმაჭი შიშხინებდა. მთელი ოთახი არომატული სურნელით გაიჟღინთა. იდაედს ნერწყვი მოადგა, ინტერესიანი მზერით დასცქეროდა უცხო საჭმელს. გამხდარი იცინოდა და ჩასკვნილს უყურებდა. - მუსტაფა, რისაგან არის ეს საჭმელი გაკეთებული? იიფ, რა საამო სურნელი აქვს,- თქვა იდაედმა და ტაფაზე დადებულ კოვზს სწვდა საჭმლის გადმოსაღებად. - აი, ეს არის ჩვენი ტრადიციული კერძი, ამ საჭმელს საქართველოში „კუჭმაჭს“ უძახიან. ღორის გულ-ღვიძლისგან მზადდება,- უპასუხა ჩასკვნილმა და რბილად გაიცინა. თურქი ღორის ხსენებაზე ცოტა არ იყოს შეცბუნდა, თითქოს იმედი გაუცრუვდა, მაგრამ სულმა მაინც წასძლია. - ჩვენი რელიგია სასტიკად კრძალავს ღორის ხორცის ჭამას, ეშმაკისეული ცხოველია, მაგრამ...- იდაედმა წინადადება გაწყვიტა, თვალი ტაფაზე დაყრილ საჭმელს შეაპარა და ერთი კოვზი გადმოიღო თავის თეფშზე. - ოოო, ალააჰ! რა გემრიელია,- სწრაფად გადასანსლა გადმოღებული ულუფა და კიდე გადაიღო. ჩასკვნილმა სამი პატარა ჭიქა წყლისფერი სითხით შეავსო და თურქს უთხრა: - იდაედ, აი, ქართული ჭაჭის არაყი, სამოც გრადუსიანი. ჩვენი წინაპრები ორ ლიტრს სვამდნენ ამ სითხეს. - მუსტაფა, მე ალკოჰოლური სასმელებიდან მხოლოდ ლუდს ვსვამ, იმასაც იშვიათად, მაგრამ შენი ხათრით ამ ერთ ჭიქას დავლევ, გავსინჯავ. გამხდარი გაყურსული უსმენდა მათ საუბარს და ღიმილი დასთამაშებდა ჭაბუკურ სახეზე. - ბიჭო მუსლიმანები ღორის ხორცს არ ჭამენ, კი იცი შენ ეს. ერთი ცოდვა უკვე ჩაადენინე ამ პატიოსან კაცს. როგორც ვიცი ალკოჰოლური სასმელების მიღებასაც კრძალავს ყურანი. ახლა გინდა მეორე ცოდვა ჩაადენინო?- სიცილით თქვა გამხდარმა. - რაო, რას გეუბნება მურატი?!- ჩასკვნილს ჰკითხა იდაედმა და ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს. - რაო და ეგ მაგ ცეცხლივით არაყს ვერ დალევსოო,- უპასუხა ჩასკვნილმა და წარბები მაღლა აზიდა, თითქოს წააქეზა. იდაედს გაეცინა, გამხდარს მხარზე ხელი მსუბუქად, მეგობრულად დაარტყა და ჭიქას დააცქერდა. - იდაედ, მოდი ამ ჭიქით,- ჩასკვნილმა თურქულად დაიწყო სადღეგრძელოს თქმა, შენს ღმერთს გაუმარჯოს, ალაჰს, და ჩვენს ღმერთს გაუმარჯოს, იესო ქრისტეს,- თქვა და ერთი ყლუპით დალია. სახეზე აღებეჭდა, რომ ესიამოვნა. გამხდარი მიხვდა რა სადღეგრძელოც იყო. - მე ქრისტიანულ ქვეყანაში დავიბადე, ქართულ ყაიდაზე გავიზარდე და ჩემი ღმერთია იესო ქრისტე, მე მუსლიმანურ ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი და თათრულ ყაიდაზე გავზრდილიყავი ალბათ ჩემი ღმერთი ალაჰი იქნებოდა. ჩასკვნილი იდაედს შეძლებისდაგვარად უთარგმნიდა გამხდარის ნათქვამ წინადადებებს. მოდი ამ პატარა ჭიქით,- განაგრძო ბიჭმა,- ჩემო იდაედ, შენი ღმერთის და ჩვენი ღმერთის დიდება იყოს.- ჭიქა პირისკენ წაიღო, უცებ შეჩერდა,- არავის აქვს უფლება შეურაცხყოს და შებღალოს სხვისი ღმერთი და რელიგია,- თქვა სამ წამიანი პაუზის შემდეგ კუშტი სახით და ორი ყლუპით დალია. ემწარა, თავი გააკანკალა და ქაბაბი და პური მიატანა. იდაედი პატივისცემის გრძნობით განიმსჭვალა მის მიმართ, სერიოზული სახე მიეღო და თვალებში უყურებდა გამხდარს, მერე ჭიქა ხელში აიღო და სადღეგრძელო თქვა დინჯად. ჩასკვნილს აღარ უთარგმნია. დალევისთანავე სახე ჩვილი, ატირებული ბავშვივით დაემანჭა, სამჯერ ჩაახველა და წყალი მიაყოლა. იდაედს სიმწრის ცრემლები წამოსცვივდა თვალებიდან. გამხდარი და ჩასკვნილი გადაფიჩინდნენ სიცილით, ბოლოს იდაედიც იცინოდა, უკვე კარგად შემთვრალი. მეორე და მესამე ჭიქაც დალიეს ბიჭებმა, იმ განსხვავებით, რომ თურქი წყალგარეულს სვამდა. მაგიდა აალაგეს, ორმოცდაათი გრამი არაყით მთვრალი იდაედი თავის ლოგინზე დაასვენეს და თავიანთ ოთახებში შევიდნენ. ბიჭები დასაძინებლად დაწვნენ. გამხდარს თხელი გადასაფარებელი ჩაებღუჯა, თვალები დაეხუჭა და იმ ჩადრიან, ცქრიალა გოგოზე ფიქრობდა, საღამოს, რომ დაინახა აივნიდან. ფიქრობდა დიდხანს და გულში სიხარულის და სევდის ნაპერწკლები უკიაფობდა. მერე ადგა და ფურცლის ნაგლეჯზე მთვარის შუქზე რაღაც დაწერა ქართულად და ბალიშის ქვეშ დამალა.
გამხდარს სისხამ დილით, მოლების ლოცვის დაწყებამდე გამოეღვიძა. ადგა, მოწესრიგდა. პატარა ხატის წინ „მამაო ჩვენო“ ბუტბუტით წაიკითხა და ბოლოს თვალებდახუჭულმა პირჯვარი სამჯერ გადაიწერა. დედის მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ჯვარი კისრიდან მოიხსნა, აკოცა და ისევ ლოცვანზე დარგოლა. შემდეგ კარები ჩაკეტა და ყვავილების ბაღისკენ წავიდა. ბაღის კუთხესთან მიიპარა, მიდამო მოათვალიერა, სათბურთან ის გოგონა შენიშნა, ყვავილებში ფუსფუსებდა. სელმაა,- დაუძახა ხმადაბლა, მანაც მყისიერად მოიხედა, გამხდარმა მის დასანახად ლითონის ბადეში დარგოლილი ქაღალდი გააკვეხა და უკან გამობრუნდა. ჩასკვნილი სამზარეულოსთან სუფთად გაპარსულ, ათლეტური აღნაგობის, კუპრივით შავ ულვაშიან ქურთს ესაუბრებოდა. - უსტა, რამდენ ხანში მორჩებით თქვენ საქმეს? - ჰკითხა ჩასკვნილმა. - გეგმის მიხედვით თუ წავიდა ყველაფერი, წესით ერთ თვეში დავაყენებთ ხუთივე ლიფტს, - უპასუხა ქურთმა, რომელსაც მოტეხილი ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული და ყავარჯნები იქვე კედელზე მიეყუდებინა. კორპუსში ლიფტის შახტაში ლიფტის დაყენების დროს ჩავარდა და ფეხი მაშინ მოიტეხა. - მუსტაფა, რამდენი წლის ხარ? - ოცდა ექვის,- უპასუხა ჩასკვნილმა. - ახალგაზრდა ყოფილხარ, ასე ნაადრევად თავზე თმა რამ გაგიცვინა?- გაკვირვებით ჰკითხა ქურთმა და სლიპინა თავზე დააშტერდა. - ბავშვობიდან ჭიდაობაზე დავდიოდი და ტატამზე ვარჯიშის ბრალია ალბათ,- უპასუხა ჩასკვნილმა მხრების აწურვით. - ვაა, მოჭიდავე ხარ?-გაიკვირვა ქურთმა,- ჩვენ გვყავს ერთი მოჭიდავე დაახლოებით შენი წონის იქნება, ხომ არ დაეჭიდები? - თვითონ თუ დაგთნახმდება, რატომაც არა,- დაუფიქრებლად უპასუხა ქართველმა და თან გაეღიმა. - კარგი, 1000 ლირაზე გაწყობს? - ბაზარი არაა, თანახმა ვარ,- უპასუხა ჩასკვნილმა. - კარგი, მე მას დაველაპარაკები და კორპუსის წინ რომ მინდორია იქ იჭიდავეთ. მუსტაფა გარეთ გამოვიდა. გამხდარი რკინის მილებზე დამსხდარ მუშებთან ერთად ჩაის სვამდა პლასტმასის ჭიქით. ცოტა ხანში თმადაუვარცხნელი იდაედი გარეთ გამოიზლაზნა, კიბის მოაჯირზე ჩამოჯდა და თვალების სრესა დაიწყო. მესამე სართულიდან ქურთი ეროვნების მუშები ჩამოშლიგინდნენ და გარეთ გამოლაგდნენ. ბოლოს ყავარჯნიანი ქურთი, დაბალ, ჯირკვივით მსხვილ, მხრებგანიერ, წვერმოშვებულ და შავტუხა ბიჭითან ერთად გამოვიდა,რომელსაც სარკეებივით გაშვერილი, დამტვრეული ყურები და მაზდას ლოგოსავით გადაბმული, სქელი წარბები ჰქონდა. მუსტაფა დანახვისთანავე მიხვდა, რომ ის უსიამოვნო გარეგნობის ბიჭი, ქურთების ფალავანი იყო. - მუსტაფა, აი, მოგიყვანე ჩვენი ლომი,- ყავარჯნიანმა შავტუხას კარგა ღონივრად დაარტყა მხარზე ხელი და თავდაჯერებული სახით ჩაიცინა. წარბა ოდნავ არ შეტოკებულა, ფისით სავსე კასრივით მყარად იდგა. - კარგი, ახლა ვიჭიდაოთ?- ჰკითხა ჩასკვნილმა წარბას. - კი, ახლა ვიჭიდაოთ,- უპასუხა ქურთმა და ნადირივით დაუბღვირა. მუშები აყაყანდნენ და წრე გააკეთეს. წინ დიდი სანახაობა ელოდათ და უხაროდათ. გამხდარი ჩასკვნილთან მივიდა. - გურჯო, არ შემარცხვინო ახლა, კისერი მოუგრიხე მაგ მძღნერის ბოჭკას. გახსოვდეს, ესენი შაჰ აბასების და ჯალალედდინის შთამომავლები არიენ. იმხანად თურქებსა და ქურთებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო ქვეყნის მასშტაბით. თვრამეტი მილიონი ქურთი ცხოვრობდა თურქეთის ტერიტორიაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ქურთებით დასახლებული ტერიტორიის დამოუკიდებლობისათვის აქტიურად იბრძოდა ,,ქურთისტანის მუშათა პარტია”, მათი შეიარაღებული ფორმირებების შეტაკებებს თურქეთის საჯარისო ნაწილებთან სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ყველანი უკანონო პისტოლეტებით დადიოდნენ და ღამე გამუდმებით ისროდნენ ხოლმე. შესაბამისად იდაედი, ემრა, ასლანი და ამედა ჩასკვნილის მხარეს იჭერდნენ ამ სახალისო ორთაბრძოლაში. წარბამ წელს ზემოთ გაიხადა. ლომური მკერდის არე, ზურგი, მორის სიმსხო მკლავები და მუცელი, შავი ჯაგარით ჰქონდა დაფარული. ორაგუტანგის ჯიშის მაიმუნს მოგაგონებდათ. ჩასკვნილმა კისერი წრეზე დაატრიალა, ფეხისა და ხელის სახსრები გაახურა და ჭიდაობის დასაწყებად მოემზადა. წარბამ თავი რამდენჯერმე აქეთ-იქით გადახარა-გადმოხარა, რა დროსაც კისერმა ტკაცუნი დაიწყო, ისე, როგორც მოჭრილმა ხემ იცის წაქცევისას. ქურთი და ქართველი ერთმანეთს შეეტაკნენ. ჩასკვნილმა შეჯახებისას უკან დაიხია და ცალ მუხლზე ჩაიკეცა. ორივენი ღრიალებდნენ და კორიდის ხარებივით ბრდღვინავდნენ ერთმანეთს შებმულნი, კბილებს ველურებივით აღრჭიალებდნენ. წარბა შედარებით მეტი წონის იყო და ეს უპირატესობა იგრძნო ჩასკვნილმა. სათანადო მომენტს ეძებდა, რომ ილეთი გაეკეთებინა მისთვის. ემოციებში შესული გამხდარი შეუჩერებლად ამხნევებდა მას,-“მიდი, დააგდე ეგ ბანჯგვლიანი, არ შემარცხვინო, მიდი, მიწაზე ბრახვანი გაადენინე მაგ გორილას, შენ უფრო მაგარი ხარ, მიდი ქართველო ლომო!“, ორივე გახვითქულიყო და მძიმედ სუნთქვისას სქელი ნესტოები ებერებოდათ. ხალხი უფრო და უფრო მატულობდა, შეფი ალანი, შეფი ალი და მუჰასებიჯიც კი გამოსულიყვნენ აივანზე და მომღიმარი სახით უცქერდნენ სანახაობას. ფაბრიკის ეზოდან თურქი ქალები იმზირებოდნენ, ხოლო ყვავილების ბაღის მესერთან, სადაც გამხდარმა წერილი დატოვა ის ცქრიალა ლაზი გოგონა მოსულიყო და მათკენ მალულად იჭყიტებოდა. უცებ ჩასკვნილს არაადამიანური ღრიალის ხმა აღმოხდა, ქურთს გვერდული გაუკეთა, რომელიც ჰაერში დაბზრიალდა და მიწაზე ისეთი ძალით დაებერტყა, მიწა შეზანზარდა, დაცემისას უნებლიედ დააქუხა წარბამ და კვნესის მაგვარი ხმა აღმოხდა. ჩასკვნილი წელში მოხრილი, გამართული ხელებით მუხლებზე დაყრდნობილი ჩოქბჯენით იდგა გაწითლებული, ილაჯგაწყვეტილი სახით და მინდორს დაშტერებული სხარტად სუნთქავდა. შეჭმუხნულ შუბლზე დაგორებული ოფლის წვეთები ხასხასა ბალახზე ცვიოდა. დამარცხებული წარბა მიწაზე ტკივილისგან იგრიხებოდა. ყველა გატრუნულიყო, ჩქამიც კი არ ისმოდა. სიჩუმე ემრას ხითხითმა დაარღვია, რომელიც კიბის მოაჯირზე ჩამომჯდარი, ზემოდან იყურებოდა. ხითხითებდა ემრა უფრო ხმამაღლა, გულიანად, გახარებული, ნასიამოვნები. გამხდარს კმაყოფილებისგან ამოესუნთქა და ჩასკვნილს აქებდა. ქრისტიანმა მუსლიმანზე გაიმარჯვა. ყავარჯნიანმა ფული მისცა ჩასკვნილს, ამოიოხრა და განაწყენებული, იმედგაცრუებული სახით სადღაც წავიდა. ხფთუ, ყველანი შეგვარცხვინა ამ დედალმა,- იძახდნენ ქურთები. ნელ- ნელა ყველა გაიკრიფა. ჩასკვნილი ძირს მწოლიარე, გათანგულ, შერცხვენილ წარბასთან მივიდა და ზემოთ წამოაყენა, რომელიც გვერდს იტკივებდა. დამარცხებულისთვის დამახასიათებელი უმწეობა ჩამდგარიყო მის შავ, ჩასისხლიანებულ თვალებში. გამხდარმა დოქით წყალი მოუტანა. მუშებმა სამშენებლო ინსტრუმენტები აისხეს და სამუშაო ადგილისკენ წავიდნენ. გამხდარი მათ განზრახ ჩამორჩა და დაკვირვებით ათვალიერებდა ყვავილების ბაღჩას, იქ ხომ ერთი ლამაზი, ჩადრიანი გოგონა ეგულებოდა. ბაღის კუთხეში შენიშნა კიდეც, ხელში სარწყავი ეჭირა და პატარა შავ ქოთნებში ჩარგულ, ნორჩ ტიტებს რწყავდა. გამხდარი გულში ღმერთს ევედრებოდა, ნეტავ ჩემკენ გამოიხედოსო. უცებ გოგონამ მისკენ გამოიხედა. გამხდარი ერთ ადგილზე ძეგლივით გაშეშდა, გოგონას გაუღიმა, რამდენიმე წამი ისინი დაჟინებით უცქერდნენ ერთმანეთს. გოგონამ უცებ სარწყავს დახედა, რომელიც ქოთანს ასცდენოდა და წყალი ძირს ეპკურებოდა. სარწყავის ყელი ქოთანს დაუპირისპირა და მორწყვა განაგრძო. გამხდარმა სინის ბადეში იმავე ადგილას სხვა ქაღალდი შენიშნა ჩაკუჭული, უცებ გამოაძრო, ჯიბეში ჩაიდო და გზა აჩქარებით განაგრძო. ამასობაში მზე მაღლა აიწია, უფრო გაყვითლდა და გაიზარდა. როგორც კი სადარბაზოში შევიდა ფურცელი გაშალა. ზედ მობილურის ნომერი, დეფისი და ნომრის გასწვრივ სახელი- „სელმა“ ეწერა, გამხდარს უსაზღვროდ გაუხარდა, ცოტა შეეშინდა კიდეც, ნუთუ ეს მართლა ჩემ თავს ხდებაო, ნუთუ მასაც მოვწონვარ, თუ ეს სიზმარიაო, ასე რომ არ იყოს მობილურის ნომერს არ მომცემდაო, ამ ფიქრებში გართული კორპუსის თავზე ავიდა, საიდანაც სოფლის სახლები, თხილნარები, ცოფლის დაკლაკნილი შარაგზა, ცენტრალური ავტობანი და შავი ზღვა ხელისგულივით ჩანდა. ემრა იქვე დარგოლილ იზოლაციაზე იჯდა და თუთუნს აბოლებდა. საღამომდე მესიჯობდნენ გამხდარი და სელმა. მათი წერილები უფრო და უფრო თბილი და სიყვარულით განმსჭვალული ხდებოდა. სწრაფად მიიწევდნენ ერთმანეთის გულებისაკენ. სელმამ ყველაფერი მოუყვა თავისი ცხოვრების შესახებ. მართლაც ლაზი აღმოჩნდა, დედა ქართველი ჰყოლია, რომელიც ათი წლისას გარდაცვლია და დარჩენილა თავის უფროს ძმებთან და მამასთან ერთად, რომელსაც მისი საქმრო, ოცდაჩვიდმეტი წლის ვიღაც ფულიანი ფერმერი შეურჩევია, დანიშნულიც ყოფილა და მალე ცოლად უნდა მოეყვანა კაცს, რომელსაც სათანადოდ არც კი იცნობდა, ორჯერ შეახვედრეს და დასანახად ვერ იტანდა, მეტიც ეზიზღებოდა კიდეც. აქ ხომ სექსუალური ძალადობა, ჩვენი მამაების და პაპების ტრადიციააო, სინანულით წერდა ტექსტურ შეტყობინებებში. არის ტექსტები, რომლის კითხვისას ასოებსა და სიტყვებს შორის ცრემლების ბრწყინვას ხედავ და მთელი არსებით რწმუნდები, რომ იმ ტექსტების წერისას ავტორი ტიროდა. მას შემდეგ ერთი თვე გავიდა. ისინი გამუდმებით მესიჯობდნენ და ოცნებობდნენ ერთად ყოფნაზე, რაც იქედან გაქცევის გარეშე შეუძლებელი იყო. გამხდარის გონებაში გაქცევის გეგმა მწიფდებოდა. ბიძაშვილი ხვეწნა-მუდარით დაითანხმა, რომ ტრაილერის მძღოლს დალაპარაკებოდა, რათა საზღვარზე მანქანის ჭერში სპეციალურად გაკეთებული სათავსოთი გადაეპარებინა ის და სელმა. სელმასაც შეუთანხმდა, რომელიც სიხარულით დათანხმდა, მიუხედავად სახიფათო რისკისა, რადგან იქ დარჩენა მისთვის მაინც სიკვდილს უდრიდა. გამხდარი სელმას შეხვედრაზე და გაქცევაზე მოელაპარაკა და ერთ-ერთ საღამოს შეღამებას ელოდა, შებინდდა, მუშებისგან სრულად დაიცალა მშენებარე კორპუსები. ყვავილების ბაღის უკანა კართან ჩადრიანი ქალის სილუეტი შენიშნა, უდავოდ ისააო, დარწმუნდა და მიუახლოვდა: - სელმა, შენ ხარ?- ქართულად ჰკითხა. - ჰო, მე ვარ შოთა, მალე უნდა წავიდეთ, თორემ სახლში რომ დავაგვიანებ მომიკითხავენ და ძებნას დამიწყებენ მამა და ჩემი უგულო ძმები, მირეკავენ და არ ვპასუხობ, - ნაზი ხმა უკანკალებდა და უთრთოდა. - სელმა, ერთი ნახვით შეყვარების გჯერა?- რატომღაც ეს ბანალური კითხავა დაებადა ანერვიულებულ გამხდარს. - უკვე მჯერა და ვიცი წრფელი სიყვარული გადაგვატანინებს ყოფელგვარ დაბრკოლებას,- უპასუხა თექვსმეტი წლის გოგონამ და თავი მორცხვად ჩაქინდრა. - მჭირდებოდე ნიშნავს ვიყო უსაზღვროდ ბედნიერი, ამაზე მეტად ვერაფერი გაახარებს ადამიანს. სხვანაირად მე ვერ გავძლებ, - უთხარა და ჩაეხუტა, ალბათ სხვანაირად მართლაც არ შეეეძლო, მოკვდებოდა. - რამდენიმე წამი ერთმანეთის გულების აჩქარებულ ძგერას და ერთმანეთის სუნს გრძნობდნენ და უკვე უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე წინა ჩახუტებისას. - შოთა, გემუდარები მალე წამიყვანე, გავიქცეთ აქედან, არ მინდა უსიყვარულოდ, იძულებით მივთხოვდე ვიღაც ველურს. წამიყვანე საქართველოში, დედაჩემი სულ მიყვებოდა თუ რა ლამაზი და მშვენიერი ქვეყანაა გურჯისტანი, - სელმას თვალთაგან თბილი ცრემლები ცვიოდა. ის მანძილი რაა, რასაც ცრემლის წვეთი თვალის უპიდან ძირს დავარდნამდე გადის, თქვენ ის იკითხეთ, რა გზა და ტკივილი გამოიარა, სანამ ცრემლებად მოგროვდებოდა და უპემდე მოაღწევდა. - წაგიყვან, ჩემო ბედნიერებავ. იმედია ყველაფერი გამოგვივა, - უპასუხა გამხდარმა. - მეშინია შოთა, ძალიან მეშინია, თუ დაგვიჭირეს ოჯახის ღირსების შელახვისთვის მომკლავენ, შენც შავ დღეს დაგაყრიან, - უთხრა სელმამ და თვალები აუწყლიანდა. შეკრული ხელი გვირილის კოკორივით გაშალა, თხელი თითები ისე აათამაშა, თითქოს როიალზე უკრავს და კლავიშებს ეფერებაო, მერე გამხდარს ჩააჭდო და მოუჭირა. არ ვიცი, რა ძალას შეუძლია სიყვარულით ჩაჭდობილი ხელების და გულების დაშორიშორება, ალბათ მხოლოდ სიკვდილს. ისინი თხილნარით დაეშვნენ სოფლის ცენტრალური გზისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ. სელმამ მობილური გამოურთველად გადააგდო და ხელის გაუშვებლად წაჰყვა გამხდარს. სოფლის გზისპირას ჩასკვნილი და იდაედი დახვდნენ, საჭესთან იდაედი იჯდა თავის მანქანაზე. გზაზე ციმციმა ჩართული პოლიციის ორი ეკიპაჟი შემოხვდათ, შიშიდან ოთხივეს გული დაჭრილი ჩიტივით უფანცქალებდა. ტრაილერი ქალაქ გირესუნში ავტობანზე დახვდათ, იდაედს დაემშვიდობნენ. ჩასკვნილი მძღოლის გვერდით დაჯდა, გამხდარი და სელმა ჭერზე სპეციალურ სათავსოში შეიმალნენ. ტრაილერი რამდენიმე საათი გაუჩერებლად მიდიოდა. - დახურული სივრცის შიში მაქვს,- თქვა სელმამ. - ჩამეხუტე და სხვა რაიმეზე იფიქრე, გაიხედე ზემოთ იმ ღრიჭოში პატარა ნათელი ცა ჩანს, ცოტაც და სამშვიდობოს ვიქნებით თავისუფალნი,- ამშვიდებდა გამხდარი, რომელსაც კლაუსტროფობია ტანჯავდა. - შოთა, რა არის შენთვის სიყვარული?- სელმა მისკენ გადაბრუნდა და თვალებში ჩააცქერდა, რომელიც ბუნდოვნად ჩანდა ჰაერის შემოსასვლელი ხვრელიდან შემოპარულ შუქზე. -სიყვარული ალბათ უბრალო, სუფთა გრძნობებისგან აგებული ნავსაყუდელია, რომელსაც ორი შეყვარებული გული აშენებს ერთმანეთისადმი პატივისცემით, მოწიწებით, სითბოთი და ერთგულებით, რომელშიც ცხოვრობენ მყუდროდ, სიამტკბილად, სიამოვნებითა და ნეტარებით. სიყვარულის ამ უბრალო თავშესაფარს უპატივცემულობა და ღალატი ანგრევს ყველაზე უფრო. - ჰოდა შენ ჩემი დაუნგრეველი ნავსაყუდელი იქნები, - სელმამ ორივე თვალის კეკალზე აკოცა ბიჭს. უცებ ტრაილერმა მოძრაობა შეანელა და ერთხანს ძრავაჩამქრალი იდგა, დაძაბულები ერთმანეთს ჩაჰკონვოდნენ. გრძნობდენ, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე იყვნენ, უცებ ტრაილერის უკანა დიდმა კარმა გაიჭრიალა, გულებს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. ფარნის შუქები ღრიჭოებში მოძვრებოდა, თურქი მესაზღვრე პატრულის ინსპექტორები ამოწმებდნენ მანქანას კონტრაბანდა ხომ არ იყო შიგ და თურქულად საუბრობდნენ რაღაცას. განაბულებს დაჭერის შიში აკანკალებდათ. კარი ისევ დაიკეტა, ცოტა ხანში მანქანა დაიძრა, ცოტათი ამოისუნთქეს. გამხდარმა პატარა ღრიჭოდან გარეთ გაიხედა, საიდანაც სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი შენიშნა და თვალები გაუბრწყინდა. - სელმა, ჩვენ უკვე სამშვიდობოს ვართ, უკვე საქართველოში ვიმყოფებით, სიხარულისგან ტიროდნენ და ერთმანეთს ბაგეებზე დაწებებოდნენ, იმ წამს გამქრალიყო დახურული სივრცის შიში, მათი პოვნისა და დასჯის შიშიც და მხოლოდ სიხარულის ნაპერწკლები კიაფობდნენ მათ გულებში. ტრაილერი გაჩერდა. ცაზე მზე ვარვარებდა, ზღვის ტალღების დგაფუნი მათ ყურებამდეც აღწევდა და შავი ზღვის წყალი მზის სხივების ნათებისას ვერცხლისფრად ზიმზიმებდა. სიცოცხლეში ზოგს ადრე უმართლებს, ზოგს გვიან, ზოგიერთს არასდროს უმართლებს, ასეთია ეს მამაძაღლი ცხოვრება. მადლობა ღმერთს მათ საჭირო დროს გაუმართლათ.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.