ეპიგრაფი1:
”ეჭვიანები არიან ნაზმგრძნობიარე ადამიანები: რაც უნდა პატივისცემით მოეპყრათ მათ, რაც უნდა შეიყვაროთ - ისინი მაინც უმადურნი არიან, რადგან მათ თვითონ უფრო ღრმად და ძლიერად უყვართ, ვიდრე მათი შეყვარება საშუალო ადამიანს შეუძლია.”
ნიკო ლორთქიფანიძე
ეპიგრაფი2:
“ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს, მთავარია რომელი დაასწრებს.”
ეპიგრაფი3:
“საშნელება მხოლოდ ისაა, როცა არაფერს ელი.”
ერიხ მარია რემარკი.
ელი პატარა გოგო იყო.
ის გუშინ წავიდა... სამხატვრო აკადემიაში პირველად.
აკადემიამდე კი...
იყო თინი, ცისთვალა, „მისი თმა ისეთი იყო, როგორიცაა ჩამოცვენილი ფოთოლი“, კანი -აბრეშუმი, სული - მთა, ტუჩები - ბროწეული, ის ბროწეული, მერე მარიტას ეზოში რომ ამოვიდა.
მერე იყო ელი.
ელი - ღამე. მისი თმა ისეთი იყო, როგორიცაა ღამის თვალის გარშემო მობნეული ბრჭყვიალა კენჭები, კანი - აბრეშუმი, სული - ზღვა, ტუჩები - ვარდი, ბოლოს საფლავზე რომ ამოდის ხოლმე, ზამთარში.
ელი ზოგჯერ გრძნობდა განსაკუთრებლობას, ზოგჯერ - ვერა.
ელის ეცვა სულ გრძელი თეთრი პერანგი და უსაშველოდ აცეცებდა თვალებს, სინჯავდა საგნებს.
... მიიღეთ წამალი, ორის ნახევარზე სეირნობა, საუზმე, ჯდომა ეზოში ან ტბის პირას, სეირნობა, სადილი, წამალი, ჯდომა ტბის პირას, ან მოლზე, ან მოაჯირზე, თანმხლები პირითურთ, აბები, ვახშამი, თმის დავარცხნა, სააბაზანო(ცივი), თვალის გაშტერება, ძილი.
ასე იყო სულ. რამდენიმე წელი.
ელი, თინის გარდაცვალების შემდეგ ჭკუას გადასცდა და ახლა მისი სახლი გახდა ცისფერდარაბებიანი, მისი პერანგის ფერი შენობა, ქალაქიდან მოშორებით, მყუდრო ადგილას, ცალკე.
აქ ბევრი ელისნაირი იყო. ელის პერანგისფერი შენობის წინ იშლებოდა დიდი ლიმონისფერი მოლი, დიდი ეზო მოვლილი ყვავილებით, ფანჯრებს გისოსები არ ჰქონდათ, ტბაში იყვნენ ხოლმე გედები და კაცი ნავით, საღამოობით განსაკუთრებით მოსწონდა ელის ფანჯრიდან ყურება მზის ჩასვლისა, თქეშისა, თოვლისა. ელი სწავლობდა საგნებს და ცხოვრებას. იღებდა წამლებს.
თავიდან, პირველ ეტაპზე, თავის თავთან საუბარი დასჩემდა, საუბრობდა ყველგან: მანქანაში, აბაზანაში, ლაპარაკობდა ხმამაღლა, ყველაფერზე, მერე სკოლაში უზიარებდა ყველას თავის აზრებს.
გაგზავნეს იქ, საიდანაც ძნელად თუ ბრუნდებიან.
ელი შეეგუა აქაურობას, მეტად - ვიდრე ყველაფერს.
დაუმეგობრდა ტეოს, შეუყვარდა ადამიანები.
ელის ბავშვობა...
ელის მანქანით ასეირნებს ბაბუ სოფლის ორღობეში, ელის უხარია, იცინის, სახლში წასვლა არ უნდა, ბაბუს უხარია პატარა ელისთან ყოფნა და როცა მას ეძინება, მიჰყავს სახლში...
მერე დაშორება...
ელი იშვერს ხელს ყველა მწვანე მანქანისკენ, თუმცა ბავშვის უმწეო თითი რჩება ჰაერში გაწვდენილი...
ელი მიჰყავთ სახლში.
ჩვეულებრივ კალაპოტში მიდიან დღეები, ელის ტვინიდან იშლება მოგონებები წარსულზე, ნელ - ნელა ჩამოიბანა მამის, მამიდის, ბებოს, ბაბუს, მანქანის, საკუთარი სახლის გამოსახულებანი...
ის მღერის, ცეკვავს, ზეიმობს ბაღის კონცერტზე იმას, რომ სკოლაში შედის.
დიდი თეთრი ბაფთა, აწეული თმა, ვარდისფერი ქურთუკი, მუქი ქვედაბოლო, დედის მიერ საგანგებოდ დასწორებული კულულები, დატენილი ფოტოაპარატი,
ანასტასიისთვის გავლა, პირველი მერხი, გაკვეთილისა და სკოლის პირველი გაკვირვება.
გადის ორი წელი. ელის უკვირს მამა და ვერ აკოწიწებს გამოსახულებას, არ ახსოვს...
არ უნდა, გრძნობს, ცვლილებების დროა.
შერიგება.
სიახლე.
ელიმ ძველი სკოლა დატოვა, დაიბნა, დაიმორცხვა.
მასთან ყოველთვის მოდიან მოგონებები წარსულზე.
... ენატრება, ენატრება, ენატრება ძველი: ბაღი, სახლი, სკოლა,
ანასტასია, მეგობრები, ბაღელები, კლასელები.
ელი ვერ აწყობს ურთიერთობებს. დადის ფსიქოლოგთან. იღებს ფოტოებს ალბომიდან, აკრავს კედელზე, უყურებს ვიდეოებს. ფუჭდება ნიშნები და განწყობა და განწყობა და ნიშნები...
ელი დადის ბევრს, აკრავს სურათებს, უკრავს პიანინოს.
ამდენი ხნის შემდეგ ელის პირველად ჰყავს ვიღაც ისეთი, ვისაც უყვება და თავისუფლდება. ტეოს ელისთვის ბედნიერების სუნი აქვს, მან ბევრი რამ იცის ელიზე ... ტეომ იცის, რომ მამლის წლის შემოსვლასთან ერთად, თორმეტს რომ სამი წუთი აკლდა, ახალმა წელმა ელის მოუტანა ბაბუს გარდაცვალება და არა - საჩუქრები, იცის, რომ ელის ჩანახატებში ფიგურირებდა
სახლი ზღვასთან, ძაძებში ჩაცმულ დედაკაცივით მდგარი, ერთადერთი ფანჯრიდან რომ ბჟუტავდა ლამფა ... დიდი კაცი, მძიმე ნაბიჯებით სიარული რომ იცოდა და ფიქრს ახარებდა თავის არსებაში. ტეო იზიარებს ელის აზრს, რომ ადამიანები ძველდებიან და ემსგავსებიან ცარიელ ოთახს ან მტვრიან, ბგერაჩაცვენილ პიანინოს, ტეომ იცის, რომ აპრილში ელი სულ შეყვარებულია, ამავე თვეში დაბადებულ, მის საყვარელ მწერალზე, რომელსაც ერთი თვით ადრე დაუწერა დაბადების დღის მილოცვა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მისვლია...
თინიზე თავისი ნაფიქრი რომ წაუკითხა ელიმ ტეოს, წვრილად ცრიდა და ბალახს რძის სუნი ასდიოდა, გედები ისხდნენ ტბაში და საცა იყო
„ამოხეთქავდა ზეცა ვარსკვლავებს!“
სათაური: „ეძღვნება თ-ს!“
ტექსტი: „ზუსტად ვიცი, დადგება დღე, როცა მე ბედნიერი გავიღვიძებ, მოვხედავ მარცხენა მკლავზე დაწოლილ დედაჩემს, მის ხუჭუჭა თმას, არ ვაკოცებ, არ გავაღვიძებ. მზის სხივიდან გამოიჭრება ჩემი დის გამოსახულება, ხელს ჩამკიდებს და წავალთ. ჩემს ცხოველ სიცივეს კი ჩემს საწოლში დავტოვებ. ჩვენ წავალთ უხმოდ, გადავირბენთ ზღვებს, საზღვრებს, მთებს, კავკასიონს და სიცივესა და სილურჯეში ჩემს დას მოვუყვები ცხოვრებაზე, მოვუყვები იმაზე, როგორ ვდარდობდი, რომ ვერ ვიშვილე, ან მან ვერ მიშვილა, იმაზე, რომ ერთმანეთს ვერ დავემთხვიეთ, იმაზე, რომ არ ვიცოდი, სად იყო მისი საფლავი და განაგრძობდა თუ არა ზრდას ანგელოზთა სამყოფელში, მოვუყვებოდი იმაზე, რომ არასდროს მიმიტანია მასთან გვირილები, იმაზეც ვეტყოდი, როგორ ამოიწვერებოდა გაზაფხულის ბალახი, მისი თვალებიდან, ახლადგაჩერებული მაჯიდან, მისი უმზეო თითებიდან, მოვუყვებოდი, როგორ დარჩებოდა საფლავზე მარტო და როგორ დამმარხავდა მე, თავისი სიკვდილით ... ვეტყოდი, როგორ წამართვა მისი თავი ცხოვრებამ და როგორ გამიმეტა, მთელი ჩემი ცხოვრება რომ მოგონებად ექცია, ვეტყოდი, როგორ წავიდა ჩემგან, ჩემი დილაშერჩენილი თვალებივით, მთიდან წასული ნისლივით, ოთახში არშემოსული ჟანგბადივით, უდროოდ როგორ წავიდა იმდენ წელიწადს, რამდნიც ვიცხოვრე ... როგორ შემომაჩეჩა იგივე ცხოვრება, წამწამზე შერჩენილი ცრემლივით და... უთქმელი და უსიტყვო უცებ ყველაზე ენამჭევრი გავხდებოდი, თუმცა მაინც ვიცი, ერთ დილას მზიდან გადმოიღვრება ჩემი და, გამხვევს სილურჯეში და მისი თვალების ახლადამოწვერილი ყვავილებიდან დავინახავ, რომ ... შეიძლება, ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება მას გაეცისკროვნებინა, ვინ იცის!“
კითხვა რომ დაასრულა, დიდხანს ისხდნენ ჩუმად, ელიმ კითხვისას ბევრჯერ გადაყლაპა ცრემლი.
ბოლოს ტეომ ამოიღო ხმა: - იცი, ელი?!
„სიცოცხლე საჩუქარია უმცირესთაგან უმრავლესობისთვის მიძღვნილი, მათგან, ვინც იცის და შეუძლია, მათთვის, ვინც არ იცის და არ შეუძლია“.
ელიმ გაუღიმა: - ვიცი, ტეო.
ტეო და ელი ჰგავდნენ ერთმანეთს. ტეო ისეთი იყო, როგორიც მოდილიანი. ტეო ხატავდა ელის და ელის მოსწონდა იმის ყურება, როგორ ეღვრებოდა ფერები ტეოს თითებიდან, ელი ფიქრობდა რომ თვითონაც შეეძლო ასე.
- ელი! შორიდან ესალმება ტეო მოცინარ ელის დერეფანში და მიდის თავისი წილი სიცოცხლის ასაღებად ისევ და ისევ პირმოკუმული, მკაცრი მედდისკენ უსაშველოდ გრძელი წამწამებითა და მოკლე თითებით. ტეო ფიქრობს, რომ მედდა თავისი გრძელი წამწამების გამო ვერ ხედავს ამ ქაოსში სიმშვიდეს და ზუსტად ამიტომა აქვს ყოველთვის მოკუმული გაბუტული ტუჩები. ტეო თვლის რომ მედდა ლამაზია, ელი - მშვენიერი.
- ტეო. იცინის ელი. მუხლამდე უკრავენ თავს ერთმანეთს, ტეო ელის ხელზე ეამბორება და ხელკავით მიჰყავს ტუჩგაბუტული მედდისკენ, რომელიც უხმოდ აწვდის მათ დღის სამყოფს. ტეო, როგორც ჯენტლმენი პირველი იღებს შხამს, ელი უყურებს და ვინ იცის მერამდენედ ფიქრობს: ტეო ისეთია, როგორიც ამედეო. მერე მისი ჯერი დგება.
- ახლა შეგვიძლია წავიდეთ, ბარონესსა - ხელკავით მიჰყავს პრინცს ვარდი ტბისკენ.
სილურჯე ყოველთვის თინის ახსენებს ელის. ტეომ იცის ეს, ის ვერ იტანს, ელის სახეზე თვალების მეტი რომ არაფერი რჩება, ნაღველი ჭამს ტეოს. დგება, ხელს ჰკიდებს ბარონესას და ცეკვავს ვარდი ვალსს, მერე იღიმის და ფიქრობს, ახლა ჩვენ ვართ პარიზში და ვსწავლობთ ფერწერას.
სხდებიან თავიანთ სკამზე და საუბრობენ დაუსრულებლივ.
- დღეს ჩვიდმეტი ნოემბერია, გალაკტიონის, ბაბუს და კიდევ ერთი ჩვენი ნათესავის დაბადების დღე.
ტეომ იცის, როცა ბარონესას საუბარი სურს გულისყურით უნდა მოუსმინოს.
- ალბათ კიდევ მილიარდი ადამიანი დადის დედამიწაზე ამ დღეს დაბადებული, მაგრამ გალაკტიონი ყველასთვის და ბაბუ ჩემთვის და გალაკტიონიც ჩემთვის( აშკარად ბრაზობს, ცოტათი, მაგრამ მაინც) აღარ არიან! ტეო, დამპირდი რომ ჩვენ სულ გვეხსომება ეს თარიღი.
ტეო თანხმობის ნიშნად ელის ხელს ლოყაზე იდებს, მერე კოცნის.
- დღეს მე მასთან უნდა ვიყო, ტეო, წამიყვან მასთან?
ხმას არ იღებს. თვალებს ხრის.
ელი სადღაც ტბის მიღმა იხედება.
- რას ხედავ ელი?- ჩურჩულით ეკითხება ტეო, სიმყუდროვე რომ არ დაარღვიოს, ფოთოლიც კი გაყუჩულიყო, მიწაში ჭიაც კი არ მოძრაობდა. ხანდახან უცნაურად გაიტრუნებოდა ყველაფერი. ცისფერდარაბიანი სახლის წინ ყოველთვის იდგა სიმშვიდე -შენობის, მყუდროება -ბუღის, ფერისცვალება - რევოლუციის მაგივრად.
- ვხედავ პატარა გოგოს, როგორ არ უწნავს მამა თმას, როგორ არ მიჰყვება პირველ დღეს სკოლაში, როგორ არ უკრავს თვალს, როცა დედა ტუქსავს და კიდევ ბევრი არ...(გაუცნობიერებლად ყვირის), ელის უჩვეულოდ მისდის ფერი. ტეო ეძახის მედდას, ამჯერად პირმოკუმული კი არ მოდის, არამედ ის, მეორე, მთავარი, მეტად განათლებული, ძლიერი, ნემსით. უკეთებენ ელის დამამშვიდებელს, მიჰყავთ ოთახში. მიჰყვება ტეო. უზის სასთუმალს, უწნავს ვარსკვლავებს, ხატავს, უთვლის გულისცემას, მერე მიდის, უკეთებს ჩარჩოს და კიდევ ერთ ელის კიდებს კედელზე. ასეა სულ.
ტეოს ახსენდება...
აქაური კედლები ისეთივე უსწორმასწოროა, როგორიც მისი ბინის.
ტეოსთან მთა რომ ჩიბუხს ეწევა და ნისლები მოდის, ისევე მოდიან ფიქრები. ახლა ტეო ელია და ისიც ისევე იხედება მინის გასწვრივ, გონება და მზერაჩაბრუნებული და ფიქრობს „ნეტავ როდის გამწერენ!“ .
- ტეო! - ტუჩმოკუმული მედდას წკრიალა ხმა ისმის.
- დიახ! - დინჯად...
-
ქალბატონი ლიზას კაბინეტში, ახლავე.
ნეტავ რა ხდება. ტეოს კარგს უგრძნობს გული.
- როგორ გრძნობ თავს, ძვირფასო? – „საშინლად“ ტკბილი კილოთი ეკითხება ქალბატონი ლიზა, ტეო ვერ იტანს მოჩვენებით სიტკბოს.
- ჩინებულად, - პასუხობს.
- ბარონესსა სად დაკარგეთ?! - იცინის.
- ბარონესსას სძინავს, - არავითარი ირონია არ უკრთება ხმაში.
- როგორც ვხედავ, თქვენთან კარგად გრძნობს თავს.
ტეო უყურებს ისეთი გამჭოლი და მკაცრი მზერით, ლიზა ვეღარ უსწორებს თვალს და დგება.
ლიზას წინ კი...
მაგიდა ხის. სკამიც. უჩვეულოდ ნაკეთები. ხალიჩა. მარჯვნივ დოკუმენტები. მარცხნივაც. კედელზე ტეოს დახატული ერთადერთი ლიზა და დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ლიზა დგება და აღარ უყურებს ტეოს. ტეოც დგას, ხელებჩამოჩვებული. სახეზე ერთი ნერვიც არ უტოკავს. თვალებში ცნობისმოყვარეობა ჩაჰგუბებია.
- ვწუხვარ, ამიერიდან მარტო მოუწევს დარჩენა. თავისუფალი ხართ. მკურნალობის კურსი დასრულებულია. ხელს მოაწერთ საბუთს მაგიდაზე, მშვიდობით.
ტეოს თავს საოცრება ხდება, ყველაფერი ნათდება, მეტიც, ბრჭყვიალებს, ბედნიერებისგან თავბრუ ესხმის ტეოს. ბარბაცით გადის კაბინეტიდან. აღარ მოუწევს აბების ყლაპვა, ნემსების კეთება, ტუჩმოკუმული მედდის მზერა და ეს სიჩუმე, სიჩუმე ჭკუიდან მეტად რომ გადაჰყავხარ, ტეოს გული უფართხალებს და უცებ:
- ტეო! ესმის უკნიდან. ელის ხმაა. ელი სულ არ გახსენებია. როგორ უთხრას ეს ამბავი. სულაც არ ეტყვის. გაეპარება, ისე, მშობლები რომ ეპარებიან პატარა ბავშვებს სამსახურში. ცხოვრება უხმობს, ახლა დრამის დრო არ აქვს.
- ელი... აღარ უხრის თავს, აღარ მიჰყავს ხელკავით.
ელი კივის, აბამენ, იქნევს ხელ-ფეხს, იჭერენ, მოდის კაცი ნემსით. მოდიან მშობლები ცალ -ცალკე, წყვილად, რიგრიგობით.
პირველად ელის არ უნდა მათი ნახვა. მერე ელაპარაკება. სულ ერთსა და იმავეს:
- ტეო ისეთი იყო, როგორიც ამედეო. დამიბრუნეთ!
კივის. იქნევს ხელ-ფეხს. ყვირის. მოდის კაცი ნემსით. აბამენ.
ელი კითხულობს მეგობრებს, უღიმის მშობლებს.
იღებს წამლებს. აღარ ყვირის. თავისით იწნავს თმას. უყურებს ბევრ ელის თავის ოთახში უემოციოდ.
ელის იბარებს ლიზა.
ელის წინაშე ნათდება, ბრწყინავს, ბრჭყვიალებს ცხოვრება, რომელიც ეძახის.
ელი გუშინ იყო აკადემიაში პირველად. ტეოც.
- ბარონესსა! - უკრავს თავს.
- ამედეო! ძლივს ლუღლუღებს ელი და მიტკლის ფერი ედება.
მიდის სახლში. კიდებს ბევრ ელის ცარიელ კედელზე და გრძნობს მონატრებას რომელიც მოიცავს საკუთარ თავს, ტეოს, თინის, ბაბუს, ოთახს და მთელი სამყაროს.
მზის სხივი ირიბად კრთება ფანჯრიდან.
ელი ზის შუა ოთახში მარტო, ოდნავ ირხევა, გულზე აქვს მიკრული ერთ-ერთი ელი, უფრო წარწერა, ზედა მარცხენა კუთხეში.
ელი ლაპარაკობს თავისთვის.
Subscribe to be the first to know about Best Deals and Exclusive Offers!
5/23, Loft Towers, Business Center, 6th Floor, Media City, Dubai.
Monday-Friday ______8.00 to 18.00
Saturday ____________ 9.00 to 18.00
Sunday _____________10.00 to 16.00
Every 30 day of month Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit.
გადახდის მეთოდის გასააქტიურებლად, შეცვალეთ ვალუტა.
თქვენი რეგისტრაცია არაა დასრულებული. მიჰყევით მისამართზე მიღებულ ბმულს, ან ბმულის ხელახლა მისაღებად, დააჭირეთ აქ.